დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა, რომ თითქოს მას ირაკლი მამალაძემ გადასცა იარაღი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ირაკლი მამალაძეს შემხებლობა არ ჰქონია ცეცხლსასროლ იარაღთან.

რაც შეეხება ლილი გელაშვილის დაკითხვას, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ლილი გელაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მასთან ირაკლი მამალაძე მივიდა კონსულტაციის მიზნით და განუცხადა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დაინტერესებული იყო კალიუმის ციანიდის შეძენით.

”აღნიშნულთან დაკავშირებით ლილი გელაშვილმა გაუწია კონსულტაცია ირაკლი მამალაძეს, რის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდა იგი გიორგი მამალაძეს და მოხდა აუდიო და ვიდეოჩაწერა. ამის შემდეგ ირაკლი მამალაძემ მიმართა პროკურატურას”, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას, პროკურორის თქმით, იგი არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან, მის მიერ წარმოდგენილი წერილი არის დაუსაბუთებელი და დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა.