გასაგები და მოსალოდნელი იყო ჯანი ბუკიკიოს პოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღის ოთხი წლით გადაწევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ მაჟორიტართა შორის, რომლებიც არსებული შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმების წინააღმდეგი იყვნენ.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და მან აღნიშნული ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
”ამაზე კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომაც გაამახვილა ყურადღება. ამასთან, გასაგები და მოსალოდნელი იყო ბუკიკიოს პოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღის 4 წლით გადაწევასთან დაკავშირებით. ნამდვილად, ჩვენი გუნდის ბევრ წევრსაც სურდა ამ სისტემის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ამოქმედება, თუმცა კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2024 წელთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო გადადის პროპორციულ სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით და ეს არის დიდი მიღწევა, რადგან არც ერთი სხვა ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი დღის წესრიგშიც კი არ დამდგარა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და ამოქმედდება შეთანხმებულ ვადებში”, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.