გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის მიერ სემეკის წევრის ადგილზე წარდგენილ და მთავრობის მიერ შეთანხმებულ მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება საკითხს, ამ დრომდე რატომ ვერ ხერხდებოდა პრეზიდენტის და მთავრობის შეთანხმება კანდიდატთან დაკავშირებით, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, „არსებობდა გარკვეული ტიპის პრობლემა - საქართველოს პრეზიდენტმა ადრეც წარადგინა სემეკის კანდიდატები, თუმცა მაშინ გაურკვეველი მიზეზების გამო, მთავრობის მხრიდან არ იქნა შეთანხმებული“.
მისი განცხადებით, პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირება და გამომდინარე აქედან, შეირჩა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა.
„ამჟამად, სემეკი 3 წევრით აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა ერთ-ერთ წევრს აგვისტოში გასდის ვადა და შესაბამისად, რისკის ქვეშ დგება სემეკის ფუნქციონირების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური და გამართული ფუნქციონირება. ამაზე აკეთებდა პრეზიდენტი ყოველთვის აქცენტს. შესაბამისად, ამ მიზეზიდან გამომდინარეც პრეზიდენტმა სემეკში მაია მელიქიძის კანდიდატურა წარადგინა. საქართველოს მთავრობამ შეითანხმა ქალბატონი მაიას კანდიდატურა, დღეს უკვე წარდგენილია ის საქართველოს პარლამენტში.
მაია მელიქიძე არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტი, მაღალი დონის პროფესიონალი, ცნობადი საზოგადოებისთვის, ის აკმაყოფილებს ყველა იმ ძირითად კრიტერიუმს, რომელიც უნდა ჰქონდეს სემეკის წევრს და მე ვფიქრობ, რომ მაია მელიქიძის შემატება სემეკის გუნდისთვის იქნება ძალიან ღირებული და მნიშვნელოვნად დაეხმარება სემეკის გაძლიერებას.
პროცედურა სემეკის წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით გულისხმობს შემდეგს, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს მთავრობას შეთანხმებისთვის, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონტრასიგნაციისთვის და შემდგომ ხდება საქართველოს პარლამენტში წარდგენა. გუშინ ეს პროცედურა გავლილ იქნა - პრეზიდენტმა წარადგინა და მთავრობამ შეითანხმა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მაია მელიქიძე 2016 წლის 14 მარტს, ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად დაინიშნა.