ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან და ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში, ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი  ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე  წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, განხორციელდება 1,5 კმ-ზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია და მოეწყობა გზის საფარი.

თბილისის მერის თქმით, კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, სადაც გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაკეთებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რათა სწავლის დაწყებისთვის გზა ორივე მიმართულებით იყოს გახსნილი. ასფალტის ახალი საფარი დაიგება ირბახის,  წურწუმიას,  ზურაბიშვილის ქუჩებზე. ასევე, გზის დაზიანებული  ნაწილი  აღდგება მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ დროისთვის, სამუშაოები ზურაბიშვილის ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეწყობა ტროტუარები, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და  ოქტომბერში დასრულდება.