მეამაყება, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეამაყება, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეამაყება იმის თქმა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰერმანის თქმით, ეს კონგრესი შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა, განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოების როლი დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში.

"უნდა განვიხილოთ, თუ როგორ იცავენ საკონსტიტუციო სასამართლოები პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და თუ როგორ მოქმედებენ სხვა ეროვნულ ინსტიტუტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანოებთან, როგორიც არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ვენეციის კომისია. ეს უფრო რელევანტურია ახლა, როდესაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოები წნეხის ქვეშ არის. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოების პასუხისმგებლობა და კონსტიტუციის დამოუკიდებელი დამცველების როლი გამოცდას გადის. ზუსტად ასეთ დროს უნდა დაიცვან სასამართლოებმა დემოკრატია და მართლმსაჯულება. ზუსტად ასეთ დროს უნდა გააცნობიერონ საკონსტიტუციო სასამართლოებმა და მთავრობებმა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოები გავლენას ახდენენ დემოკრატიულ სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემის ეფექტურობა და დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის ძირითადი კომპონენტია. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ძლიერ საკონსტიტუციო სისტემებს, რომლებიც სტაბილური დემოკრატიული განვითარების გარანტიას იძლევიან. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საკონსტიტუციო სასამართლოების რეფორმირებასა და გაძლიერებას. ეს შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო 20 წელზე მეტია, რაც აქტიურია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს კონსტიტუციის დაცვაში, ხელისუფლებების გაყოფის უზრუნველყოფაში, ადამიანის უფლებების დაცვაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესძლო მაღალი პროფესიონალიზმის შენარჩუნება მიუხედავად წნეხისა, რომელიც მასზე ხორციელდებოდა სხვადასხვა პერიოდში. ამ კონგრესის საქართველოში ჩატარება საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარების მაჩვენებელია. მეამაყება იმის თქმა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს მხარდაჭერა უფრო გაძლიერდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ჩვენ განვაგრძობთ სასამართლოების მხარდაჭერას, გავაძლიერებთ მათ პროფესიონალიზმს და დამოუკიდებლობას", - განაცხადა ჰერმანმა.