ჩვენ გვაქვს პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც ჯანი ბუკიკიოსა და ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ მოწონებულია, - ეს განცხადება ბათუმში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევაში ჯანი ბუკიკიო დაეხმარებათ.
„გაცილებით დიდი იქნებოდა იმედგაცრუების ხარისხი, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა გადავსულიყავით ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ პროპორციულ სისტემაზე. თქვენ იცით, რომ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ცვლილებებისა, ვენეციის კომიიის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული. ბატონმა ბუკიკიომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან მიმართებით დაგვეხმარება კონსენსუსის მიღწევაში. აქ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტი - ან ის დაარწმუნებს, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეს არის შეუდარებლად კარგი დოკუმენტი, ან თვითონაც დარწმუნდება, რომ ჩვენს ოპონენტებთან, რომლებიც სუბიექტურად უდგებოდნენ თავიდანვე ამ საკითხს, კონსენსუსის მიღწევა არის შეუძლებელი. მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს პროგრესული კონსტიტუცია, რომელიც ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ მოწონებულია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.