შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება, - აღნიშნული შეფასება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლეობის მე-17 კონგრესის გახსნისას გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტიაა. მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მიიღო კონსტიტუცია, სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი.
”სწორედ ამიტომ ჩვენმა პოლიტიკულმა გუნდა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცესის ინიცირება. უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე - პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ შეუმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგად, საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება - კონსტიტუცია, რომელიც უზრუნვეყოფს სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელს, მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის; ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით; პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს; უფრო ეფექტურ მთავრობას; პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს; ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს; კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგრეო პოლიტიკურ არჩევანს. ამასთან, აუცილებლია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნებით გადადის და ეს არის დიდი მიღწევა. ჩვენ გვახსოვს, როცა სხვა ხელისუფლებების პირობებში ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.