აკაკი ზოიძე:

აკაკი ზოიძე: "1 ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა იწყება"

პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატების განცხადებებით დაიწყო.

საპარლამენტო ტრიბუნა 15-მდე კანონმდებელმა გამოიყენა, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე განცხადებები გააკეთეს.

გამომსვლელთა ერთი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მნიშვნელობას გამოეხმაურა და იმ ფუნდამენტურ და სამართლებრივ სიახლეებზე ისაუბრეს, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონის პროექტში აისახა.

პარლამენტის წევრების განცხადებები სოციალურ თემატიკასაც შეეხო და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრეს. კერძოდ, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გამოეხმაურა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელმაც უფასო წამლების პროგრამის დაწყებაზე ისაუბრა.

"1 ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა იწყება.  ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება და პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს, რომელთაც პენსიიდან 30-40 ლარი წამლებზე ეხარჯებათ. მათთვის ეს შეღავათი იქნება და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შშმ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებსა და დაგეგმილ აქტივობებზე განცხადება გააკეთა.

სოფო კილაძის თქმით, მიუხედავად არაერთი პროგრამისა და საკანონმდებლო ბაზის ცვლილებისა, შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გამოწვევები ისევ არსებობს და ხელისუფლება და მმართველი გუნდი მზადაა ადეკვატურად უპასუხოს იმ პრობლემებს, რაც ამ კუთხით ქვეყანას გააჩნია.

უმრავლესობის წევრების გამოსვლები უკანონო და დაუმთავრებელი მშენებლობების მიმართ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, ნაბეღლავის მინერალური წყლის ახალი ქარხნის გახსნას, სპორტის მიმართულებით გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საერთაშორისო სპორტული ტურნირების საქართველოში გამართვის მნიშვნელობას, საგზაო მოძრაობის ახალი რეგულაციების შემოღებას და ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან სამი თვის შედეგების შეჯამებას დაეთმო.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით მიმოსვლით 37 600-მდე საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა და მხოლოდ 0.3% ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე უარი. მისივე განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოსთვის მიცემული პირობა უკვე შეასრულა და ახალა ჯერი საქართველოს მოქალაქეებზეა, რათა დაცული იქნას ხელშეკრულების პირობები და არ დაირღვეს სავიზო რეჟიმის წესები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მორიგი სამხედრო წვრთნების ჩატარებას შეეხებოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი პოზიცია და აღვნიშნო, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო პასუხი იყოს ერთიანი. რაც შეეხება უშუალოდ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს - რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ცივილიზირებული სამყაროს სამართლიანი მოთხოვნები აღასრულოს. მისი მხრიდან ეს მოთხოვნები იგნორირებულია და რეალურად, მაშინ როცა აფხაზეთს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება, რუსეთი კვლავ და კვლავ ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში სამხედრო რიტორიკას სთავაზობს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადებების შემდეგ, პლენარული სხდომა კანონშემოქმედებითი საქმიანობით გაგრძელდა.

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ კოლეგებს „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი გააცნო. ცვლილებების თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ცნება ზუსტდება და შემოდის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განისაზღვრება საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც შეიძლება იყოს ფაკულტეტი ან სკოლა ან ინსტიტუტი და სხვა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები წარმოადგინა.

გაიმართა მსჯელობა დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების დაუცველობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მომზადებულ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტის წევრმა ივლიანე წულაიამ წარადგინა.

სხდომის პირველ ნახევარში კანონმდებლები კანონპროექტთა პაკეტებს II მოსმენით, მუხლობრივად გაეცნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე"; „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე"; „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"; „რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები წარმოადგინა და იმ ცვლილებებსა და დამატებით შენიშვნებზე ისაუბრა, რომლებიც კანონპროექტების კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს იქნა გამოთქმული.