გიორგი გახარია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა იქლილ აჰმად ჰაკიმიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს ქართულ და ავღანურ ბიზნესწრებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 0,11 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 68%-ით აღემატება.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ეკონომიკური რეფორმების და მიღწევების კუთხით, ავღანეთის მთავრობას გამოცდილება გაუზიაროს.

იქლილ აჰმად ჰაკიმი პირველი ავღანელი მინისტრია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მთავრობის წევრების გარდა, იქლილ აჰმად ჰაკიმი ქართული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება.