ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის წევრებს ავუხსენით, რომ შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, თუკი შიგნით არ შედგა საკონსტიტუციო უმრავლესობა
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„ბოლო 20-წლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში სრული კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ, რომ მთავარი მოკავშირე ამ პოლიტიკური კონსენსუსის პროცესში ყოფილიყო ხალხი, რომლისთვისაც კონსტიტუცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი. ვეცადეთ, რომ ყოფილიყო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მათ ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და პრეზიდენტი, რომელმაც პირველი დღიდანვე აირჩია კონფრონტაციული პოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მიმართ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა წინააღმდეგობრივი პოზიცია არაერთხელ აჩვენა.
„პრეზიდენტმა საკუთარ მოსახლეობასთან წინააღმდეგობრივი პოზიცია გვაჩვენა, როდესაც სრულიად განსხვავებული იყო ხედვა, რომელიც საერთო სახალხო განხილვის დროს ჩანდა მოსახლეობის მხრიდან და რასაც ის ამბობდა. ვეცადეთ, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გახსნილი. ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმამ და ამ პროცესმა ვენეციის კომისიისგან მიიღო ძალიან მაღალი შეფასება, მაგრამ სამწუხაროდ, დაიგეგმა ბოიკოტის პროცესი, რომელიც გახდა ჩვენი ოპონენტებისთვის ერთგვარი პოლიტიკური რევანში, რაც ამ პროცესისთვის არ არის კარგი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კონსტიტუცია, რომელიც აბალანსებს ხელისუფლების სამივე შტოს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წევრებს აუხსნეს, რომ იდეალური კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.
„ვენეციის კომისიის წევრებს ავუხსენით, რომ შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, თუკი შიგნით არ შედგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. როდესაც გუნდის შიგნით იყო განსხვავებული მოსაზრება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ არ მივაღწევდით კონსენსუსს, შეუძლებელი იყო რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღება. ამაზე გახსნილად ვისაუბრეთ. მთავარია, რომ პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო პრინციპი, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდება შერეული მოდელით, მაგრამ იმის შემდგომი არჩევნები უკვე გაიმართება პროპორციული სისტემით. ეს გადაწყვეტილება პარლამენტს პრინციპების დონეზე უკვე მიღებული აქვს, რაც, ვფიქრობ, მათთვის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. მათი მხრიდან დავინახეთ დადებითი განწყობა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია პრინციპების დონეზე პრაქტიკულად შესულია კონსტიტუციის პროექტში. გასათვალისწინებელია პოლიტიკური ველი, პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ გარკვეული კომპრომისების პროცესში მივიღოთ გადაწყვეტილებები და ეს კომპრომისი საჭირო იყო ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიამ გაითვალისწინა სამოქალაქო სექტორის ძალიან დიდი ნაწილის მოსაზრებები.
„შეუძლებელია მიაღწიო კონსენსუსს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც მუდმივად არის რევანშისტული და განწყობილი პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.ჩვენ ყველა დანარჩენთან ვეცადეთ, სამოქალაქო სექტორის ძალიან დიდი ნაწილის მოსაზრებები ასახულია ტექსტში, მაგრამ იდეალური კონსენსუსი, რომ ყველა ყველაფერზე თანხმდება, არის შეუძლებელი“, - განაცხადა ბესელიამ.