პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს 28-30 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტი ოთხმოცდაათამდე საკითხს განიხილავს. მათ შორის არის პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები, რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმებები და პარლამენტის დადგენილების პროექტები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი საქართველოს მთავრობის ინიციატივას, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. შემოთავაზებული ცვლილებით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი" (ხდება „გამგებლის" ამოღება) და შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ტერმინოლოგიური სახის ცვლილება ხორციელდება; კანონპროექტით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება და ასეთი სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს; გარდამავალი დებულებით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებები დგინდება.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მოისმენენ.

ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს და მათი შემდგომი განხილვის პროცედურები განსაზღვრეს. ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა შორისაა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს და ასევე საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს განსაზღვრავს.

ბიუროს სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, კანონპროექტით გათვალისწინებულ ძირითად სიახლეებზე და მის მნიშვნელობაზე მოკლე განმარტება გააკეთა და კოლეგებს კანონპროექტის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წევრებმა რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტის ბიუროს შემდეგი სხდომა ქუთაისში, ოთხშაბათს, 28 ივნისს 11:30 საათზე, პლენარული სხდომა კი 12 საათზე გაიმართება.