ზაალ უდუმაშვილის შანსები არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ზოგადად ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, შეიძლება უფრო ნაკლებიც, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შანსებს.
მისი თქმით, თუკი მეორე ტური დაინიშნა, კანდიდატობის შემთხვევაში გაცილებით მეტი შანსი ექნება ალეკო ელისაშვილს.
”ზაალ უდუმაშვილის შანსები არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე, ზოგადად ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, შეიძლება უფრო ნაკლებიც, რადგან არ არის ის ფიგურა, რომელიც პროფესიიდან გამომდინარე შეიძლება ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ თბილისის წინაშე არსებული ძალიან ბევრი სამეურნეო პრობლემის გადაწყვეტას მოახერხებს. მე ძალიან მეეჭვება მეორე ტურში უდუმაშვილი ვიხილოთ, რადგან თუ მეორე ტურზე იქნება ლაპარაკი, უფრო მეტად ველოდები ელისაშვილის გადასვლას, თუკი მისი ფიგურა წამოიჭრა. კალაძეს რაც შეეხება, მას საკმაოდ დიდი სამეურნეო გამოცდილება აქვს, მისი პარტიაც უჭერს მხარს და პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის დიალოგებში მსჯელობის უნარი აქვს”, - განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია დღეს ოფიციალურად წარადგინა.