როდესაც მამა გიორგი მამალაძეს ეს ნივთიერება გადმოუვარდა, ის გაოცებული და გაკვირვებული იყო და ამას მოწმეები ადასტურებენ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატი გამოეხმაურა პროკურატურის ბრალდებას, რომ „მამა გიორგი მამალაძე ციანიდის დამალვას ცდილობდა, რა დროსაც მას ხელიდან გაუვარდა „დეზოდორი“, რომლის თავსახურშიც ციანიდი იყო დამალული“.
ადვოკატის თქმით, შეუძლებელია ხელბარგში აღნიშნული ნივთიერება ყოფილიყო, რადგან მას გავლილი ჰქონდა შესაბამისი შემოწმება, რომელიც ყველა აკრძალულ ნივთიერებას აფიქსირებს.
ადვოკატი მიჩნევს, რომ შესაძლოა მამალაძის ბარგში მომხდარიყო აღნიშნული ნივთიერების ჩადება.
„ამ ბარგის პროკურატურაში მიტანა და დათვალიერება მისი ამოღებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. ამასთან, მოწმეებს, ბარგთან, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, შემხებლობა არ ჰქონიათ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ამ ბარგის გახსნა უშიშროების სამსახურისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, შესაძლებელია, რაიმე ნივთიერების მოთავსება მომხდარიყო ამ ბარგში“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
მისივე თქმით, სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა ბარგის დალუქვისა და დათვალიერების ვიდეოკამერით გადაღება, რაც საქმეს უფრო ნათელს გახდიდა.