მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო.
საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნა, სადაც მეზღვაურებს, კურსანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიალში, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით დაწესებული მამა ილია კარტოზიას სახელობის პირველი ჯილდო ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის რამდენიმე მეზღვაურს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ხუთი მეზღვაური საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც დააჯილდოვეს.
მეათე ნავმისადგომზე გამართული ღონისძიება ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიით დასრულდა, რითიც მთავრობის წევრებმა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. „ეს არის ხალხი, ვისაც უდიდესი ღვაწლი აქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ისინი ზრუნავენ არამხოლოდ თავიანთი ოჯახებისთვის, არამედ ასევე რეგიონისთვის და ქვეყნისთვის. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალია ამ ხალხის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროსტანდარტებს მეზღვაურთა დასაქმების სფეროში, რაც ქართველი მეზღაურებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თუ დღეს ქართველი მეზღვაურებისთვის მსოფლიოს ფლოტის ოთხმოცი პროცენტი არის წვდომადი დასაქმებისთვის, ამ მიმართულებით გვექნება მეტი პროგრესი და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“ – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ 25 ივნისი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა და ის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2017 წელს მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმში ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა.
„დღეს მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო, აღნიშნავს მეზღვაურის დღეს. ჩვენ ვართ საზღვაო ქვეყანა, რომელსაც დღეს ჰყავს ათი ათასზე მეტი რეგისტრირებული მეზღვაური და ეს ადამიანები დასაქმებულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალანაზღაურებადი პროფესია, მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და დღეს ჩვენ მათ საჯაროდ ვუხდით მადლობას შრომისა და იმ ღვაწლისთვის, რასაც ქვეყნისთვის ეწევიან“ – აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განაგრძობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის დახვეწას გულისხმობს. ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ნაწილია, რომელიც საზღვაო განათლების ხარისხისა და მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება.