საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი თავდებად დადგეს

საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი თავდებად დადგეს

საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი დადგეს თავდებად, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დღეს ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის თავდებობის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

პატრიარქის მდივანმა კომენტარი გააკეთა პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებული დეკანოზის თავდებით გათავისუფლებას ეხებოდა.

„ეს არის სამართლებრივი საკითხი, რა დროსაც სიტყვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ ითხოვა. მინდა შეგახსენოთ, რომ საეკლესიო წესით, არ შეიძლება სასულიერო პირი დაუდგეს თავდებად, რადგან ამას საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავს. ამიტომ, მეუფე თეოდორემ მართებული შენიშვნა გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქი ამას ვერ გააკეთებდა. საერთოდაც, მინდა გითხრათ, რომ თორნიკე მამალაძე პატრიარქთან აუდიენციამდე აცხადებდა, რომ ის პატრიარქისგან არაფერს ითხოვდა. მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მათ ხან თავდებით გამოშვება ითხოვეს, ხან პატრიარქის საპყრობილეში მისვლა. ფაქტობრივად, ეს იყო თხოვნების მთელი ჩამონათვალი, რასაც ისინი პატრიარქს თხოვდნენ“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზს ასევე ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, შეხვედრაზე გააკეთა თუ არა რაიმე მინიშნება მეუფე იაკობმა პატრიარქის მიმართ.

„მეუფე იაკობს არაფერი მინიშნება არ გაუკეთებია. მეუფე იაკობის მიმართ მამალაძეების ოჯახის წევრების მხრიდან მუდამ იყო ცილისწამება, თითქოს მან დაგეგმა, რომ დღეს მამა გიორგი ციანიდის საქმეზეა საპყრობილეში. მეუფე იაკობს ამაზე არაფერი უთქვამს. მეუფე იაკობმა, როგორც საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ერთ-ერთ საკითხზე გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ 50 მლნ ტრანზაქციასთან დაკავშირებით პატრიარქის მინდობილობა, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა. ამას დაემოწმა მისი უწმინდესობა. ის ჩანაწერში ხაზგასმით ამბობს, „მე არ ვიცოდი არც 50 მლნ ევროს ტრანზაქციის შესახებ და არც 6 მლნ-ის შესახებ“. სხვაგვარად, როგორ უნდა გაეცა პატრიარქს პასუხი?!“, - დასძინა პატრიარქის მდივანმა.