მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა მკვლელობისთვის, ადვოკატებმა კი, ისევ გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს

მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა მკვლელობისთვის, ადვოკატებმა კი, ისევ გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს

მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის, ადვოკატებმა კი ისევ გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.

წიკლაურის თქმით, დღევანდელ პროცესზე 6 ადვოკატი წარსდგა შესავალი სიტყვით და ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა, რატომ ითხოვდა ბრალდებული გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას.

"ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა ის გარემოებები, რატომ ინტერესდებოდა ბრალდებული, მსხვერპლის ორგანიზმში აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს ექსპერტიზა და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს ადვოკატებმა, რომ თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. მთავარმა მოწმემ [ირაკლი მამალაძე] დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა ადამიანის მკვლელობისთვის. ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტებით და დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ბრალდებული დაპირისპირებული იყო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან, ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციისთვის და საწადელს რომ ვერ მიაღწია, აირჩია რადიკალულად გაუგონარი მეთოდი და დაგეგმა მისი მკვლელობა.