პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე კომენტარი გააკეთა და იმ საფრთხეზე ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა ქვეყანაში კრიზისი გამოიწვიოს.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხვევაში, რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც პრეზიდენტს უნდა ეკისრებოდეს.
არის საკითხები, რომლებთანაც პოზიციების შეჯერება, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერ მოხდებოდა - თუნდაც მიწის კანონი, ქორწინების თემა და არჩევნების სისტემები. წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა ერთად და მათ გარშემო სხვა მცირე პარტიები, ნიშნავს, რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა. კოალიციური შეთანხმება ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა დიალოგი შედგეს, ვერ მოხდება და პრეზიდენტი სიტყვა „დიალოგს" ისე სპეკულატიურად, თითქოს კონსტრუქციული წინადადების ჩამოსაყალიბებლად იყენებს და სხვა არაფერი. მისი ქმედებები მიმართულია იმისკენ რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.