უცხოელმა ექსპერტებმა ვერ გაიგეს, რატომ წყვეტს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
”გვითხრეს, გვესმის, რომ მოქალაქეობა სიმბოლურად შეიძლება პრეზიდენტმა მიანიჭოსო, მაგრამ მოქალაქეობის მოხსნა აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა. პრაქტიკაც ასეა, ყველაფერს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იუსტიციის სამინისტრო ამზადებს და ბოლოს ხელს აწერს პრეზიდენტი. ჩვენ მათ ჩვენ კონტექსტში, ჩვენი საზოგადოების - პოლიტიკური საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება ავუხსენით და გაგვიგეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, თავშესაფრის მიცემა პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება, თუმცა პრეზიდენტი მოქალაქეობის მიცემისა და შეწყვეტის უფლებამოსილებას ინარჩუნებს.
კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.