ირანი ყოველწლიურად აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციებს - „ჰეზბოლას“ 75 მილიონი დოლარით, „ჰამასს“ 50 მილიონი დოლარით, „ისლამურ ჯიჰადს“ დაახლოებით 70 მილიონი დოლარით, - აღნიშნულის შესახებ ჰერცლიას კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ჰერცი ჰალევმა განაცხადა.
ჰერცი ჰალევის განცხადებით, თეირანი რეგულარულად ახდენს შეიარაღების გადაცემას ლიბანში და იემენში.
„ისრაელს არ შეუძლია იმის უგულველყოფა, რომ ირანი შეიარაღებას აწვდის ტერორისტულ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა მან.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ირანი, ასადის რეჟიმი და „ჰეზბოლა“ რეგიონისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ.
„ირანი პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ბირთვული საკითხის გამო, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ირანი აქტიურია ერაყში, სირიაში და იემენში. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ „ჰეზბოლა“ ირანის დახმარებით სამხედრო მრეწველობას ქმნის, იარაღს აწარმოებს და სამხრეთ ლიბანში შეაქვს“, - აღნიშნა ჰერცი ჰალევმა.