სამართლებრივად უნდა მოხდეს და მას პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს

სამართლებრივად უნდა მოხდეს და მას პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს

არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული თორნიკე მამალაძეს ე.წ. ციანიდის საქმეზე - სამართლებრივად უნდა მოხდეს და მას პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს სამართლებრივად უნდა მოხდეს და პოლიტიკური სახე არ უნდა მიეცეს ამას, - ასე მიმართა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრაზე.

შეხვედრაზე, რომელიც 21 ივნისს შედგა, თორნიკე მამალაძემ უწმინდესს დეკანოზის საქმეზე „მისთვის ცნობილი სრული ინფორმაცია მიაწოდა“. მათ შორის, თორნიკე მამალაძემ პატრიარქს მიმართა თხოვნით, რომ დეკანოზს მასთან შეხვედრა სურდა. უწმინდესს განუმარტა, რომ მასთან ადვოკატების თანხმებით შეხვედრა საქმის ვითარებიდან გამომდინარე იყო საჭირო, ვინაიდან თორნიკე მამალაძის თქმით, ადვოკატებმა საქმეზე გაცილებით მეტი დეტალი იციან, ვიდრე თავად.

ამასთან, თორნიკე მამალაძემ პატრიარქს სასამართლო პროცესების ღიად ჩატარების თხოვნით მიმართა.

”ვითხოვთ, გვინდა, სასამართლო იყოს ღია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა ეს საქმე დაინახოს თავიანთი თვალით და არა დარბაზიდან გამოტანილი ინფორმაციებით”, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

რაც შეეხება მამა დავით ჭინჭარაულის რეპლიკას, რომ საქმის პოლიტიკური განხილვა არ უნდა მოხდეს, თორნიკე მამალაძემ უპასუხა, რომ ოჯახს ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისგან ჰქონდა შეთავაზება, თუმცა ყველა მათგანზე ოჯახი უარს ამბობს.

უწმინდესმა მამა დავით ჭინჭარაულს და თორნიკე მამალაძეს შენიშვნა მისცა და მოუწოდა, რომ ”ერთს ესაუბრა”.

”პოლიტიკური პარტიებიდან ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს და არ გამოგვიყვანია პოლიტიკური ხაზი ნამდვილად. ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს ეხება საქართველოს ეკლესიას. მამა გიორგი ამ ეკლესიის წევრია და არ გვინდა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მიეცეს და არც ის გვინდა, რომ უსამართლოდ წარიმართოს ეს ყველაფერი”, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

უწმინდესისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა 21 ივნისს, საპატრიარქოში გაიმართა. შეხვედრის აუდიოჩანაწერი დღეს თავად საპატრიარქომ გაასაჯაროა.