შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე

შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე

შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა, აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის. 

„პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. 

აღნიშნული ცვლილებებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე. შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო არჩევანი. 

იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები. შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში კი, ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.