საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" პირველი მოსმენით განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტიციური კანონის პროექტზე - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ", საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, მსჯელობა ყველა რეგიონში გაიმართა, მათ შორის ბათუმშიც და მასთან დაკავშირებით, არსებითი ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

„დღეს საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ", რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება და მის ნაცვლად მიიღება ახალი კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ". ამ კანონის არსებობა გათვალისწინებულია ქვეყნის ძირითადი კანონით საქართველოს კონსტიტუციით.

ახალ დოკუმენტში მთლიანად შეცვლილი და დახვეწილია კონსტიტუციური კანონის სტრუქტურა. თუ მოქმედი კანონი აერთიანებდა დაახლოებით 30 მუხლს, დღეს წარმოდგენილია ახალ კანონში სულ 5 მუხლი, რომელიც აწესრიგებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მუხლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგად სტატუსს ეხება, მეორე მუხლი - უფლებამოსილებებს და ფინანსებს, მესამე მუხლი -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, მეოთხე მუხლი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო მეხუთე მუხლში გარდამავალი დებულებებია წარმოდგენილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მუხლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს განუყოფელ ტერიტორიულ ერთეულად აცხადებს. საზღვრები დადგენილია მეორე პუნქტით არსებული საზღვრების შესაბამისად. პირველ მუხლში საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, ასევე, წესრიგდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოები და ადმინისტრაციულ ცენტრად ცხადდება ქალაქი ბათუმი.

კანონპროექტის მეორე მუხლით არსებითად წესრიგდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები. „დღევანდელი კონსტიტუციური კანონით ეს კომპეტენციები არასწორად არის დარეგულირებული. არის უამრავი ხარვეზი, უამრავი გადაფარვა აჭარასა და თვითმმართველობებს, აჭარასა და სახელმწიფო კომპეტენციებს შორის და ეს საკითხები დღეს უკვე სათანადოდ არის მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ მეორე მუხლს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რაც არ განეკუთვნება სახელმწიფოს განსაკუთრებულ კომპტენეციებს და რაც არ შედის თვითმმართველობის ექსკლუზიური კომპეტენციების სფეროში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნორმა, რომელიც აფართოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახალი ნორმა სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას ადგენს. ხოლო მე-5 პუნქტი ფინანსებისა და ქონების გამიჯვნის პრინციპს განამტკიცებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ"კონსტიტიციური კანონის პროექტის მე-3 მუხლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტატუსს, არჩევის, აგრეთვე, უფლებამოსილების ცნობისა და შეწყვეტის წესს ადგენს. უმაღლესი საბჭო,რომელიც არაუმეტეს 21 დეპუტატისგან შედგება, ოთხი წლის ვადით აირჩევა.

მუხლის მე-5 პუნქტში უმაღლესი საბჭოს კომპეტენციებია დადგენილი, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, გამოიყენოს ვეტოს ბერკეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონების მიმართ. ასევე, დარეგულირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის წესი.

კონსტიტუციური კანონის პროექტი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტატუსს, შემადგენლობას, ფორმირების წესს, მთავრობის თავმჯდომარის სტატუსსა და უფლებამოსილებებს, მთავრობის სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წინაშე, უფლებამოსილების შეწყვეტის წესს და მთავრობის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.

„რეგულაციები დახვეწილია. პრეზიდენტი წარადგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, ხოლო მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი შეარჩევს მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩარევით მიიღება. ასევე, საუბარია იმაზე, თუ რა სფეროებშია დასაშვები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" მრავალ ხარვეზს შეიცავს, რომლებიც სრულად წესრიგდება ახალი კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ".

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებსაც.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

„შენიშვნები არ ყოფილა გამოთქმული. ძირითადი პრინციპული საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, ეს არის მთავარი რამ - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციური კანონი შეიცავდა ხარვეზებს და იყო იმდენი ბუნდოვანება, რომ ამ კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელი იყო.

პრინციპების დონეზე, ამ პროექტში მკაფიო ფორმულირებები და უფლებამოსილების გამიჯვნა შესაძლებელს ხდის, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით, გაიმართოს ის ძირითადი ნორმები, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ თავში. ეს პროექტი ცვლის მოქმედ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" და იმ ძირითად ნორმებში, რომელიც არის ჩამოყალიბებული მუხლებში, აწესრიგებს აქამდე არსებულ ბუნდოვანებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.