ეს კონსტიტუცია შექმნის პრობლემას - ჩვენ დავდგებით მორიგი საკონსტიტუციო ქარტეხილის წინაშე, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება

ეს კონსტიტუცია შექმნის პრობლემას - ჩვენ დავდგებით მორიგი საკონსტიტუციო ქარტეხილის წინაშე, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ არის რაღაც ტექნიკური პრემიერი და პოლიტიკურ თემებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას თავს არ უნდა არიდებდეს - ეს არის პოლიტიკის ელემენტარული ანაბანა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა თინა ხიდაშელმა საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესის, ასევე ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის პასიურობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

„მე ამას პასიურობას ვერ დავარქმევ - ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან, იმ თემებთან მიმართებაში, რაზეც საზოგადოების გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილი წუხს, რეაგირებს, პასუხებს ითხოვს, პრემიერი, როგორც წესი, ეს ბოლო თვეებია ან უბრალოდ თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას ან მხოლოდ იმ შემთხვევაში პასუხობს, თუ ჟურნალისტები სადმე ჩაუსაფრდებიან და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის არა რაღაც ტექნიკური პრემიერი, არამედ ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ის პოლიტიკურ თემებზე კომენტარებს, დისკუსიას, საკუთარი პოზიციის გამოხატვას თავს არ უნდა არიდებდეს - ეს არის პოლიტიკის ელემენტარული ანაბანა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება პროცესს, რომლითაც კონსტიტუციური ცვლილებები წარიმართა, თინა ხიდაშელის თქმით, ჩვენ მივიღეთ ძალიან კურიოზული მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის პარლამენტი იხილავს კონსტიტუციის პროექტს ისე, რომ მას არა აქვს პრეზიდენტის თანხმობა და საკონსტიტუციო განხილვებში არ მონაწილეობს ორი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომლებიც პარლამენტში მოსახლეობის სრულიად სხვადასხვა განწყობების წარმომადგენლები არიან; უზარმაზარი უკმაყოფილებაა არასამთავრობო სექტორში და მედიაში, რადგან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები დებატებს გაურბიან.

„ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც 2017 წელსაც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კონსტიტუცია ზუსტად ისევე იქნება მიღებული, როგორც 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც ასევე არ შედგა კონსენსუსი. უმრავლესობა მაშინ არ ეძებდა კონსენსუსს, ისევე როგორც დღეს „ქართული ოცნება“ არ ეძებს და შემდეგ ეს კონსტიტუცია გახდა მრავალი სპეკულაციის, პრობლემის და დღეს უკვე ამ ტიპის გადასინჯვის საგანი. მე მინდა, რომ ერთხელ მაინც გათენდეს საქართველოში ის დღე, როდესაც ეს ქვეყანა შეთანხმდება ქვეყნის ფუნდამენტზე - იმაზე, თუ როგორი კონსტიტუციით უნდა იცხოვროს. ამის გარეშე სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არცერთ ხელისუფლებას ეს არ ესმის“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ის, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციას მმართველი გუნდის გარდა, არცერთი პოლიტიკური ძალის და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა არ ექნება, ხიდაშელის თქმით, ლეგიტიმაციის კუთხით არა, თუმცა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

„ლეგიტიმაციისთვის ეს არ აჩენეს კითხვის ნიშნებს. ამ ადამიანებმა მიიღეს უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში. ჩემი ინდივიდუალური აზრით, ქართველი ამომრჩეველი სრულიად უპასუხსიმგებლოდ მოიქცა, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მისცა ერთ პოლიტიკურ ძალას (და საკონსტიტუციო უმრავლესობები ასე მთავრდება ხოლმე). ლეგიტიმაციის პრობლემები არ ექნება, მაგრამ აუცილებლად ექნება სხვა, უფრო დიდი, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა - კონსტიტუცია ეს არის მრავალწლიანი მოქმედების აქტი; კონსტიტუცია არის დოუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის ფუნდამენტი და რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქვეყანა. საქართველოში ასეთი კონსტიტუცია არასოდეს გვქონია და ვერც 2017 წელს მიღებული კონსტიტუცია იქნება ასეთი. ანუ ჩვენ დავდგებით მორიგი საკონსტიტუციო ქარტეხილის წინაშე, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.