აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჟურნალისტი ქიამრან მაჰმუდოვი გაზახის პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჟურნალისტი ქიამრან მაჰმუდოვი გაზახის პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დღეს დაკავებული ჟურნალისტი ქიამრან მაჰმუდოვი გაზახის პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტის თქმით, ის ადვოკატთან, ჯავიდ რზაზადესთან ერთად საქართველოში მიემგზავრებოდა. სასაზღვრო პუნქტზე პასპორტის შემოწმებისას გააჩერეს და გადასცეს ცვლის უფროსს. აღნიშნული დილით, 04:37 საათზე მოხდა. დილის 05:00 საათისთვის ჟურნალისტი გაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, თუმცა, მისი თქმით, დაკავების მიზეზი არ განუმარტეს.

როგორც ჟურნალისტმა სააგენტო „ტურანს“განუცხადა, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და ყველა ამოღებული ნივთი დაუბრუნეს, თუმცა აზერბაიჯანის დატოვების უფლება აუკრძალეს.

ჟურნალისტის თქმით, სასამართლოს მიმართავს, რათა გაარკვიოს, თუ რატომ აქვს აკრძალული ქვეყნის დატოვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით კი, ქიამრან მაჰმუდოვთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, ვინაიდან მას ჩვენი ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და დაკავება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა.