სოფო კილაძე გაეროში სიტყვით გამოვიდა

სოფო კილაძე გაეროში სიტყვით გამოვიდა

სოფო კილაძემ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 35-ე სესიის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თავის სიტყვაში შეეხო პარლამენტის როლს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხში, განსაკუთრებით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, როგორც გაეროს ერთ-ერთ ინსტრუმენტთან დაკავშირებით.

სოფო კილაძემ ისაუბრა 2016 წელს განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელთა საფუძველზე საქართველოს პარლამენტს შეუძლია საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტებთან მიმართებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე.

ის თავის მოხსენებაში შეეხო, ასევე, 2017 წელს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მოსმენებს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შუალედურ ანგარიშზე, ასევე, ბავშვთა უფლებების კონვენციის ოქმების შესახებ ანგარიშთან მიმართებით, გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მოხსენებაში აღინიშნა პარლამენტის დიდი ძალისხმევა და შესაბამისი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეეხო არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას კომიტეტის საქმიანობაში.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის ძალისხმევით.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, სოფო კილაძე შეხვდა, ასევე, UNICEF-ის პოლიტიკისა და დაგეგმვის პროგრამის უფროსს, ფაბიო საბატინის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივაა. UNICEF-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის მნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა ბავშვთა კოდექსის შემუშავებასთან მიმართებით ექსპერტული დახმარების თუ სხვა მიმართულებებით.