კონსტიტუციის შემუშავების პროცესში პარტიებთან მიმართებაში ბევრი რამ იყო დათმობილი

კონსტიტუციის შემუშავების პროცესში პარტიებთან მიმართებაში ბევრი რამ იყო დათმობილი

კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მძიმე იყო. ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბევრი რამ იყო დათმობილი პარტიებთან მიმართებაშიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტში კონსტიტუციის განხილვის პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლები არ იღებენ მონაწილეობას, ჩუგოშვილმა მათ გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.

„ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც სხვა პარტიები ამ განხილვებში არ იღებენ მონაწილეობას. კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მძიმე იყო. ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბევრი რამ იყო დათმობილი პარტიებთან მიმართებაშიც. არასამთავრობოების რეკომენდაციებით უამრავი რამ იყო გათვალისწინებული. სამწუხაროა, რომ ბოლოს მაინც მივიღეთ ის სიტუაცია, როდესაც სხდომათა დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ოპოზოციის მიზანი სწორედ ეს იყო.

რაც შეეხება პროცესს, ის არის ლეგიტიმური. უმრავლესობას რადგან აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს სამართლებრივი უფლება იმისთვის, რომ მიიღის გადაწყვეტილება. სამართლებრივ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, უმჯობესია, რომ მეტი პოლიტიკური აქტივი იყოს ჩართული პროცესში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტში ბოიკოტი გამოუცხადა.