სულხან-საბაში რომ მაოხრებელი გზირია, იმის მაგალითი ხართ, - აღნიშნული განცხადებით უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ”ქართული ოცნების” უმრავლესობას, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას მიმართა.
ბოკერიას შეფასებით, ”ქართული ოცნების” მთავრობა ისტორიის სახელმძღვანელოებში ისეთ მთავრობად შევა, როგორიც ქვეყანას არ შეიძლება რომ ჰყავდეს.
”რომ შევაჯამოთ, მთელი თქვენი მოღვაწეობის შედეგად რას სთავაზობთ საზოგადოებას: პირველი, ხალხს ართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას. მეორე, ტოვებთ იმ საარჩევო სისტემას, რომელიც თქვენ თვითონვე მონათლეთ ქვეყნისთვის სახიფათოდ. როცა ოპოზიციაში იყავით, მის შეცვლას ითხოვდით, შემდეგ დაპირდით ხალხს სისტემის შეცლას და გადააგდეთ. არც მომავალში შემოგაქვთ სრულფასოვანი სისტემა და რაღაც მახინჯ ბარიერს გვთავაზობთ, რადგან გაქვთ ილუზია, რომ ამ მეთოდით ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებთ. ვენეციის კომისია გადააგდეთ. ყველას დაგვიპრდით, რომ მათ სამართლიან შენიშვნებს გაითვალისწინებდით და მოატყუეთ. ქვეყნის შიგნით ვერც ერთ პარტიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეთ. პრინციპული უარი თქვით ჩვენს შეთავაზებაზე, რომ ხალხისთვის გვეკითხა შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე, რადგან ამისიც გეშიანიათ. უფრო მეტიც, ხალხს იმის უფლებაც წაართვით, მომავალში აკონტროლოს, რამდენ ფულს წაართმევს მას მთავრობა. დაარტყით მიწის კერძო საკუთრებას, დაარტყით რწმენის თავისუფლებას. აჰყევით რუსულ პროპოგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის საფრთხე ჩვენი ტრადიციებისთვის. ზიანი, რომელიც თქვენ მოგაქვთ დიდხანს გაგრძელდება, მაშინაც, როცა აღარ იქნებით და გადაგირჩევენ - სულხან-საბაში რომ მაოხრებელი გზირია, აი ამის მაგალითი ხართ. ორი ამბავი მაქვს თქვენთვის, ცუდი და კარგი: - თქვენთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ გიშველით. შემდეგ არჩევნებზე ყველა ვარიანტში გადაგირჩევენ - ეს გარდაუვალია! მაგრამ არის კარგი ამბავიც - ისტორიის სახელმძღვანელოებში დარჩებით იმის მაგალითად, თუ როგორი მთავრობა არ უნდა ჰყავდეს ქვეყნას. დიდხანს ემახსოვრებით ყველას”, - მიმართა ”ქართული ოცნების” წევრებს გიგა ბოკერიამ.
საქართველოს პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.