თქვენ ამბობთ, კონსენსუსი ვეძიეთ, ვერ ვიპოვეთ და ფეხებზე დავიკიდეთ ყველა, მაჟორიტარების ჯგუფის, „პატრიოტებისა“ და კომუნისტების გარდა, რომელსაც ასევე გადაუგდეთ რაღაც კვერცხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტს განიხილავენ.
ბოკერია დაინტერესდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეებმა „ქართული ოცნებიდან“ რატომ არ გაამხილეს თავიანთი პოზიცია საერთო-სახალხო განხილისას.
„ამ ხალხმა, რომელიც წინააღმდეგი იყო პროპრორციულ სისტემაზე გადასვლის თქვენი მოთხოვნისა (როცა ოპოზიციაში იყავით) და ფუნდამენტური დაპირებისა (როცა ხელისუფლებაში იყავით), როდის თქვეს ეს, როდის გაიგეთ, რომ წინააღმდეგები არიან?! ვინ უკრძალავდა მათ ხმამაღლა ამ პოზიციის დაფიქსირებას, რატომ არ მონაწილეობდნენ საერთო-სახალხო განხილვაში? რატომ დაუმალეთ საზოგადოებას, რომ ასეთი ჯგუფი იყო თუ ეშინოდათ ხმის ამოღება? - ეს ერთი. მეორე - თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, ბლოკმა წინა არჩევნებში ყველა არალეგიტიმური მეთოდისა, დაშინებისა, რომელიც გამოიყენეთ, რამდენი პროცენტი აიღო? - მოსული ამომრჩევლების 48%. ეს არსი მთელი ამომრჩევლების მეოთხედი და რა მაინტერესებს, თქვენ ხომ იძახდით, რომ არ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღოს კონსტიტუცია, ისეთი რამეა, რომ მთელი წლები უნდა დარჩესო. თუ არც ერთი პარტია არ გიჭერს მხარს, არც ერთი რაიმე რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, რა რჩება გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ჰკითხო?! აბა რა გამოდის, თქვენ იძახით, კონსენსუსი ვეძიეთ, ვერ ვიპოვეთ და ფეხებზე დავიკიდეთ ყველა დანარჩენი ჩვესნ გარდა და მაჟორიტარების ჯგუფის გარდა, რომელსაც ანგარიში გავუწიეთ. აა, ხოო კიდევ, „პატრიოტები“ და კომუნისტები, რომელსაც ასევე გადაუგდეთ რაღაც კვერცხები. ყველას რაღაც მიეცით საზოგადოების გარდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.