ირაკლი კობახიძე:  ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია

ირაკლი კობახიძე: ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია

ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა. მისივე თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, თუმცა ეს იმიტმ, რომ საზოგადოება არ არის სრულფასოვნად ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით.

”რაც შეეხება პლებისციტის თემას. საუბარი იყო პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პლებისციტზე და საზოგადოების აზრზე. საზოგადოების აზრი არის შემდეგი: თქვენ გიყვართ CRRC-ის კვლევები, რომელმაც დაადასტურა შემდეგი, რომ საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს და საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა მაჟორიტარული სისტემის არგაუქმებას ანუ ხალხი, საბოლოო ჯამში, არის ჩვენი პოზიციის წინააღმდეგიც და თქვენი პოზიციის წინააღმდეგიც. ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია. საზოგადოების მოსაზრეებაა, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას არ მიეწოდება სრულფასოვანი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. სისტემასთან კავშირს ვერ ხედავს საზოგადოება სამწუხაროდ, რადგან საზოგადოებას არ აწვდიან სრულფასოვან ინფორმაციას, აწვდიან რამდენიმე ათეულ ტყუილს და საზოგადოებას ექმნება არასწორი წარმოდგენა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. რომ დავუსვათ კითხვა საზოგადოებას პრემიერის არჩევასთან დაკავშირებით, აქაც იგივე შედეგი იქნება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია და სისტემის ლოგიკიდან ჩამოვაყალიბოთ საარჩევნო სისტემა. ჩვენ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით და არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევით, ზუსტად შეესატყვისება ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”, - მიმართა კობახიძემ ”ევროპულ საქართველოს”.