პრეზიდენტობის კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პოლიტიკური კრიტიკის საგანი

პრეზიდენტობის კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პოლიტიკური კრიტიკის საგანი

პრეზიდენტობის კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პოლიტიკური კრიტიკის საგანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სახით არჩეულ პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურის როლის შესრულება არჩევის შემდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროექტს განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატებმა კითხვა დაუსვეს, თუ რატომ უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

”რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ აირჩევენ ხმოსნები ზეპარტიულ პრეზიდენტს იმაზე უკეთ, ვიდრე ხალხი - აქ არის მარტო პრინციპებზე საუბარი. ავიღოთ ერთ-ერთი ჩანაწერი კონსტიტუციის, რომლის მიხედვითაც ჩვენი პრეზიდენტი აირჩევა დებატების გარეშე, რაც საქილიკო თემა გახდა. რატომ ირჩევა პრეზიდენტი დებატების გარეშე საპარლამენტო სისტემაში?! იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პოლიტიკური კრიტიკის საგანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სახით არჩეულ პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურის როლის შესრულება არჩევის შემდეგ. ეს არის ჩანაწერი, რომელიც გადმოვიტანეთ ევროპული კონსტიტუციებიდან. რაც შეეხება პირდაპირ არჩევნებს, ჩვენ ვიცით როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია და რა სიმწვავეს აღწევს, მათ შორის პერსონალური კრიტიკის კუთხით. ბოლო არჩევნებიც გახსოვთ, გიორგი მარგველაშვილს კალიგულას ცხენს და ათას შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს უწოდებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის, პრეზიდენტი იყოს ზეპარტიული”, - აღნიშნა კობახიძემ.