ირაკლი კობახიძე:  გუნდის გამარჯვებაა ის, რომ შევჯერდით კონსენსუსზე

ირაკლი კობახიძე: გუნდის გამარჯვებაა ის, რომ შევჯერდით კონსენსუსზე

მე მერჩივნა, რომ 2020 წლიდან მომხდარიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, თუმცა მთლიანად გუნდის გამარჯვება არის ის, რომ შევჯერდით კონსენსუსზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტს განიხილავენ.

„არის თუ არა ჩემი პირადი მარცხი 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე ვერ გადასვლა? - მე პირიქით შემოვატრიალებდი ამ საკითხს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არა მარტო ჩემი, არამედ მთლიანად გუნდის გამარჯვება არის ის, რომ შევჯერდით კონსენსუსზე და მივაღწიეთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მე მერჩივნა, რომ 2020 წლიდან მომხდარიყო ეს ყველაფერი, ეს არის ჩემი პირადი, როგორც ერთი დეპუტატის მოსაზრება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ეს გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ აუცილებლად გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის თაობაზე.

„თქვენ იყავით მომხრე, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო 2020 წლისთვის. როდესაც ეს ვერ მოხერხდა, თქვენ ამას მიიჩნევთ თუ არა თქვენს პირად მარცხად - რატომ არ გაგიწიეს ანგარიში თქვენმა კოლეგებმა?! - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.