მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამით ვამაყობთ

მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამით ვამაყობთ

მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამით ვამაყობთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პროპორციული არჩევნების ვადას, უმრავლესობა შეჯერდა გარკვეულ გადაწყვეტაზე. იყო დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით. აქ ისე იყო დასმული საკითხი, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე რასაც იტყვის, ერთხმად 115-ივე დეპუტატი აუცილებლად იმას უნდა მიჰყვეს. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში, მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამით ჩვენ ბუნებრივია, ვამაყობთ. შეუძლებელია, რომ 116-ივე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს, განსაკუთრებით პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. არის გაჟღერებული პოზიცია, რომლის თანახმადაც მომავალი არჩევნები ტარდება შერეული სისტემით. საუბარია 3%-იანი ბარიერის დადგენაზე, ბლოკების გაუქმების პირობებში. ეს არის ის მოცემულობა, რომელზეც უმრავლესობა შეჯერდა და შემდეგ 2024 წლიდან საუბარია პროპროციულ სისტემაზე გადასვლაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა მართველმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის თაობაზე.

„თქვენ იყავით მომხრე, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო 2020 წლისთვის. როდესაც ეს ვერ მოხერხდა, თქვენ ამას მიიჩნევთ თუ არა თქვენს პირად მარცხად - რატომ არ გაგიწიეს ანგარიში თქვენმა კოლეგებმა?! - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.