უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და მისი გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე

უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და მისი გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე

უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და შესაბამისად, ამ ორგანოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭო არ არის ქმედითი ორგანო.

”რაც შეეხება უშიშროების საბჭოს. აქ ითქვა, რომ ტრადიცია არსებობს უშიშროების საბჭოს არსებობის. ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, არსებობდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაში და ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაში, სადაც უშიშროების საბჭო იყო აბსოლუტურად სხვა ორგანო. უშიშროების საბჭო მმართველობის ამ სისტემებში იყო ქმედითი ორგანო. მას შემდეგ გახდა არაქმედითი უშიშროების საბჭო, რაც ეს ინსტიტუტი შენარჩუნდა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. არასწორად ითქვა, რომ თითქოს იმიტომ არ მუშაობს უშიშროების საბჭო, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებობს კონფლიქტი. შესაძლოა იყო გარკვეული უთანხმოება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა დღეს პრემიერი ჩვეულებრივად მონაწილეობს უშიშროების საბჭოს მუშაობაში, თუმცა ვერანაირად ვერ გახდა ეს ორგანო ქმედითი, რადგან უშიშროების საბჭო წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. საკომიტეტო სხდომაზე უშიშროების საბჭოს მდივნის და ე.წ. ექსპერტების მხრიდან იყო საუბარი, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში საჭიროა 24-საათიან რეჟიმში მუშაობა, კოორდინაცია და ა.შ. დღეს თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ უშიშროების საბჭო 24-საათიან კი არა, 24-დღიან ან 24-თვიან რეჟიმში აკეთებს რაიმეს ამ კუთხით, მაშინ მე პირველი მივემხრობი ამ ორგანოს დატოვებას კონსტიტუციაში. ეს უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და შესაბამისად, ამ ორგანოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ეს არის მარტივი რეალობა. ნულოვანია უშიშროების საბჭოს როლი, როგორც თავდაცვის კუთხით, ისე უსაფრთხოების მხრივ”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს საკითხის მოწესრიგებას საკანონმდებლო დონეზე, კობახიძის თქმით, სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.

”სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზეს, მათ შორის ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა. ერთ-ერთი ვარიანტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ანუ პრემიერის ქვეშ უშიშროების საბჭოს შექმნა, რასაც არ სჭირდება კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება”, - აღნიშნა კობახიძემ.