პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლისთვის გადასვლა უკავშირდება არა რომელიმე პარტიის და კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლისთვის გადასვლა უკავშირდება არა რომელიმე პარტიის და კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს

არც ერთ შემთხვევაში, 2020 წელს კოალიციური მთავრობის შექმნა არ არის შესაძლებელი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადავადებას ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფით ხსნის.

”არ არის აუცილებელი, რომ 2020 წელს არჩევნებში ”ქართულომა ოცნებამ” გაიმარჯვოს. პარტიას, რომელიც პირველ ადგილზე გავა, აქვს რეალური შანსი მაჟორიტარებიც უფრო მეტი ჰყავდეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ ეს არის უსამართლობა. თემა, რასაც ჰქვია, რომ 2020 წელს არჩევნები ჩავატაროთ შერეული წესით და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადავიდეთ, ეს უკავშირდება არა რომელიმე პარტიის და კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს, ჰყავდეს სტაბილური მთავრობა”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტი, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.