ტენდენციურია იმის თქმა, თითქოს პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების საუბარს აწყვეტინებდნენ

ტენდენციურია იმის თქმა, თითქოს პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების საუბარს აწყვეტინებდნენ

ტენდენციურია იმის თქმა, თითქოს პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საუბარს აწყვეტინებდნენ და მათ უწმინდესს სათქმელი ვერ გადასცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, რომელმაც დღეს პატრიართან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მამა მიქაელმა კომენტარი გააკეთა ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ მათ შეხვედრაზე მყოფი სასულიერო პირები საუბარს აწყვეტინებდნენ.

„ის, რომ მათ აწყვეტინებდნენ საუბარს და მათ თავიანთი აზრი ვერ მიაწოდეს მის უწმინდესობას, ეს შეფასება, რა თქმა უნდა, ტენდენციურია. ამ შეხვედრის უდიდესი ნაწილი დაეთმო თორნიკე მამალაძეს, რომელიც ფაქტობრივად შეუჩერებლივ საუბრობდა და რაც, ალბათ, სათქმელი ჰქონდა მისი უწმინდესობისთვის, ფაქტობრივად ყველაფერი თქვა“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

მისივე თქმით, შეხვედრას რამდენიმე სასულიერო პირი ესწრებოდა, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს. მათ შორის, თავად მამა მიქაელმა, მეუფე თეოდორემ და არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.

„ოჯახს ჰქონდა პრეტენზია, რომ სასულიერო პირები მამა გიორგის საპატიმრო დაწესებულებაში არ ნახულობენ. მამა დავითმაც გამოთქვა საკუთარი აზრი. დიახ, მამა დავითს ორჯერ თუ სამჯერ მოუწია იმის განმეორება, რომ მას და მამა კახაბერს უწმინდესმა დავალება მისცა - ამ უახლოეს დღეებში მათაც უნდა მოინახულონ მამა გიორგი. ისევე, როგორც გუშინწინ მამა იაკობი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში და მოინახულა მამა გიორგი“, - აღნიშნა დეკანოზმა მიქაელმა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის მხრიდან ფაქტების დამახინჯებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა. „ჩვენ პატრიარქთან შეხვედრაზეც ვისაუბრეთ, რომ მათი მხრიდან არ უნდა ჰქონდა ფაქტების დამახინჯებას ადგილი, ისე, როგორც ისინი მუდმივად, ყველა ინტერვიუში ფაქტობრივად ახსენებენ მეუფე იაკობს და ქალბატონ შორენას. მეუფე იაკობი იქ იმყოფებოდა და ხმა არ ამოუღია ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე იაკობს ძალიან ბევრი ჰქონდა სათქმელი - რატომ იშვერენ მისკენ ხელს და რატომ ამბობენ, რომ მეუფე იაკობი ბლოკავდა პატრიარქთან შეხვედრას?!“, - განაცხადა მამა მიქაელმა.