ხომ არ გგონიათ, რომ თვეების განმავლობაში, როდესაც კონსტიტუციაზე საუბრობდით, უბრალოდ ატყუებდით მოსახლეობას?

ხომ არ გგონიათ, რომ თვეების განმავლობაში, როდესაც კონსტიტუციაზე საუბრობდით, უბრალოდ ატყუებდით მოსახლეობას?

ხომ არ გგონიათ, რომ ამ თვეების განმავლობაში, როდესაც დადიოდით და საუბრობდით კონსტიტუციაზე, უბრალოდ ატყუებდით მოსახლეობას? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„თქვენ არ დაგისახელებიათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადა. ჩვენ აქ არ განვიხილავთ სამეცნიერო ნაშრომს, რაღაც თეორიულ საკითხებზე არ ვმსჯელობთ, რომ ვადა არ იყოს მნიშვნელოვანი. ეს არ არის დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოქმედებდეს. ვარიანტი, რომელიც გაჟღერდა ამ დღეებში, არის ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს ამოქმედდება. ხომ არ გგონიათ, რომ ამ თვეების განმავლობაში, როდესაც დადიოდით და საუბრობდით ამ კონსტიტუციაზე, უბრალოდ ატყუებდით მოსახლეობას?“, - განაცხადა რატიანმა.

დეპუტატი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ 37-ე მუხლიდან ამოღებულია, ის, რომ ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.

„ეს პრობლემას უქმნის ადამიანებს, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ. თქვენ იცით, საყდრისის შემთხვევა, როდესაც იყო დიდი პროტესტი და მათ რეალურად კონსტიტუცია ზურგს უმაგრებდა. ასევე ბიძინა ივანიშვილი დაატარებს ხეებს და ბუნებრივ გარემოს სერიოზული პრობლემა აქვს თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ ტოვებთ, რომ ეს ვალდებულებაა სახელმწიფოსი, მაგრამ სახელმწიფო სინამდვილეში ხშირად ვერ ზრუნავს ბუნებაზე. აქამდე სამოქალაქო პროტესტს ზურგს უმაგრებდა კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ადამიანის ვალდებულებაა ეს და ამ ადამიანებს შეუძლიათ სერიოზულ და ხშირ შემთხვევაში რადიკალურ პროტესტსაც მიმართონ. რა მოსდის ამ მუხლებს და ტოვებთ თუ არა იმ ვარიანტს, რომელიც აქამდე იყო წარმოდგენილი?“, - მიმართა რატიანმა უმრავლესობას.