იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას პოლიტიკური მოტივი შეგიძლიათ, გამორიცხოთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას პოლიტიკური მოტივი შეგიძლიათ, გამორიცხოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დახურულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პოლიტიკური ნიშნით აღნიშნულ თანამდებობაზე არავინ იქნება არჩეული.

„მოდი, ჯერ ვნახოთ, ვის აირჩევს საქართველოს პარლამენტი და დამერწმუნეთ, რომ ამის შემდეგ ოპონენტები ვერც ერთ არგუმენტაციას ვეღარ განავრცობენ. პოლიტიკური ნიშნით არავინ იქნება შერჩეული. ასეთი გადაწყვეტილებები ჩაბარდა წარსულს. ჩვენ, პრინციპში, შეთანხმებას მივაღწიეთ, რამდენიმე დეტალი დარჩა და სესიის განმავლობაში დეპუტატები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კანდიდატის არჩევისას ძირითადი კრიტერიუმებია: გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კარგი რეპუტაცია, კეთილსინდისიერება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ეს კრიტერიუმი ზედმიწევნით იყოს დაცული და ავირჩიოთ კანდიდატები. გამოგიტყდებით, რომ არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ 34 კაციან სიაში, აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს . პოლიტიკური მოტივი შეგიძლიათ გამორიცხოთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღეს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრს აირჩევს.