სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ

სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ

20-21 ივნისს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. დღეს სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი გერმანიის მისიის მუდმივ წარმომადგენელს გაეროში, ანტიე ლეენდერცეს, ასევე, ჟენევაში გაერთიანებული სამეფოს მისიის ელჩს, ჯულიან ბრეითვეითს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობებზე. გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი მათ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. შეხვედრა შედგა, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სექციის ხელმძღვანელთან, ჯანი მაგაძენისთან.

„ორმხრივი შეხვედრები ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან გაეროში, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის და ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჩვენს ქვეყანას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც გერმანიის, ასევე, ბრიტანეთის მხრიდან. თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი მიმართულება, სადაც ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით მეტის გაკეთებას შევძლებთ. სწორედ ეს სფეროები იყო ორმხრივი შეხვედრების საგანი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრების ვიზიტი ჟენევაში ხორციელდება ჟენევაში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის მხარდაჭერით.