პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლის ნაცვლად, შესაძლოა, 2024 წლამდე გადავადდეს

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლის ნაცვლად, შესაძლოა, 2024 წლამდე გადავადდეს

მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა შესაძლოა ერთჯერადად, ერთი წლით გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შესაძლებლობას პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს ვერსია განიხილება.

მისი განმარტებით, 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება შესაძლოა იმის გამო მოხდეს, რომ შემდეგი პრეზიდენტი პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა აირჩიონ.

„არ არის გამორიცხული, რომ თუნდაც ერთი წლით ერთჯერადად გახანგრძლივდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის სპიკერის მიერ გაჟღერებულ ვერსიაზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივება არ არის ერთადერთი ვერსია, რომელიც განიხილება. მისივე განმარტებით, საუბარი შეიძლება იყოს იმაზეც, რომ პრეზიდენტის არჩევნები არა 2024 წლისთვის გადავადდეს, არამედ დაგეგმილის შესაბამისად 2023 წელს ჩატარდეს და ის შერეული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების დაკომპლექტებულმა კოლეგიამ აირჩიოს.

”არც ის იქნება მოკლებული ლეგიტიმაციას, რომ შერეული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებით დაკომპლექტებულმა კოლეგიამ აირჩიოს პრეზიდენტი 2023 წელს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ საარჩევნო ბარიერს დაბლა ვწევთ და რამდენიმე პარტიას მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შემდეგ პარლამენტში იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა, პარლამენტი იქნება ძალიან წარმომადგენლობითი და ამიტომ ამ მხრივ არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს თუნდაც მორალური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით 2023 წელს არჩეულ პრეზიდენტს. ბევრი ვერსიის განხილვა შეიძლება და ჩვენ შეგვეძლება მათ შორის საუკეთესო ამოვარჩიოთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ უკვე მორალურ ლეგიტიმაციებზე ვსაუბრობთ და ამის გასამტკიცებელ ვერსიებს განვიხილავთ”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ცალკე პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა ვისაუბროთ.

”ეს არის განსახილველ ვერსიებს შორის ერთ-ერთი, რამაც შესაძლოა, თავის მხრივ, კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია მიანიჭოს მომავალ პრეზიდენტს, რომელიც უნდა აირჩეს 2023 ან 2024 წელს. საუბარია იმაზე, რომ შემდეგი არჩევნები 2023 წელს, ხმოსნების - შერეული სისტემით დაკომპლექტებული პარლამენტის წევრების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდეს, თუმცა შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა, რომ კიდევ უფრო პლურალური და დემოკრატიული ხომ არ იქნებოდა არჩევა პრეზიდენტის იმ შემთხვევაში, თუ მას აირჩევდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ პარლამენტის შემადგენლობა, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. ამიტომ, როგორც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც შეიძლება განვიხილოთ”, - განაცხადა მდინარაძემ.