პროცედურული ომის წარმოების შემთხვევაში, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღება ვერ მოესწრება

პროცედურული ომის წარმოების შემთხვევაში, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღება ვერ მოესწრება

იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, ოპოზიციის მიერ პროცედურული ომის წარმოების შემთხვევაში, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღება ვერ მოესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალაფიშვილმა განუცხადა, პროცედურული დემოკრატია საშუალებას იძლევა, ოპოზიციამ, კანონის და დემოკრატიის ჩარჩოებში მინიჭებული უფლებების გამოყენების გზით, გაახანგრძლივოს პროცესი, რაც მმართველ გუნდს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ორჯერ არ ეყარა კენჭი, ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კონსტიტუციური პროცესი ჩავარდა, ვინაიდან კონსტიტუციის მიღების პროცესში ორ თანმიმდევრულ სესიაზე უნდა მოხდეს კენჭისყრა და ამასთან, პირველი ორი კენჭისყრა სამი თვით უნდა უსწრებდეს წინ მესამე საპარლამენტო სესიას. ამ კალენდარს თუ შევადარებთ მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს, ვნახავთ, რომ საგაზაფხულო სესია მომდევნო კვირაში მთავრდება. მიმდინარე და მომდევნო კვირა არის ის ბოლო ვადა, რომელშიც უნდა მოესწროს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა და კენჭისყრა ორჯერ. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარლამენტი რეგლამენტით არის შემოსაზღვრული, თუ როდის და როგორ მუშაობს, ანუ პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სულ 3 სამუშაო დღე დარჩა. თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რიგგარეშე სხდომის საჭიროება შეიძლება დადგეს, კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ეს არის პროცედურები. რაც შეეხება შესაძლებლობას, საკმაოდ რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა ამ ყველაფერის მოსწრება, იმიტომ რომ პროცედურული დემოკრატია იძლევა საშუალებას, პირველ რიგში ოპოზიციისთვის, რომ კანონის და დემოკრატიის ჩარჩოებში მინიჭებული უფლებების გამოყენების გზით, გახანგრძლივდეს პროცესი ისე, რომ შეუძლებელი აღმოჩნდეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების კონკრეტულ დროის პერიოდში მიღება. პირველი პროცედურული ომი მმართველმა ძალამ წინა პარლამენტში წააგო, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებები დადგა კენჭისყრაზე“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, პროცედურული ომის წარმოების საშუალებები შეიძლება იყოს ალტერნატიული წინადადებები არა მხოლოდ მთლიან პროექტთან, არამედ ცალკეულ მუხლთანაც კი, გამოსვლები, შეკითხვები, შესვენებები, თითოეულ ალტერნატიულ წინადადებეზე ცალ-ცალკე კენჭისყრები და სხვა.

„ქართული ოცნების“ მდგომარეობა ამით მძიმდება. გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად, პოლიტიკურად, შიდაპარტიულად (მყიფე კონსენსუსია) რთულ მდგომარეობაშია და ამას თუ დაემატება დროითი ცაიტნოტი და მის გადალახვას კანონის დარღვევის ხარჯზე შეეცადა მმართველი გუნდი ამ პოლიტიკურ ძალას საკმაოდ რთული მომავალი ელის“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

ალაფიშვილის აზრით, გონივრული იქნებოდა მმართველ პოლიტიკურ ძალას კონსტიტუციის პროექტზე კენჭიყრები დაეწყო არა საგაზაფხულო სესიაზე, არამედ 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ხოლო ცვლილებების მიღების პროცესი 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაესრულებინა.

„ჯერ კიდევ არის ამის შანსი, რომ მმართველმა ძალამ თვითონვე არ ჩაიგდოს თავი მძიმე მდგომარეობაში, უფრო მძიმე შეცდომები არ დაუშვას და უარი თქვას კენჭისყრებზე“, - დასძინა ალაფიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.