მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში

მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში

მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის ფორმატში შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელზეც გიორგი მღებრიშვილმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, „თუ რა განახლებები იგეგმება საპოლიციო დანაყოფებში“.

"ასევე იყო მსჯელობა ყველა მიმდინარე საკითხზე. დეპუტატებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შს მინისტრისთვის ის კითხვები, რომელზეც ინფორმაციის მიღება სურდათ. მინისტრმაც, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა კანონის ფარგლებში, მოგვაწოდა ინფორმაცია",- აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის საქმე, რომელზეც საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია.

"ჩვენ, პარლამენტის წევრებს რა ინფორმაციაც გვქონდა, საზოგადოებას სრულად გავუზიარეთ. მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა ველოდები გამოძიების შედეგებს და როდესაც დასრულდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხები",- განაცხადა თალაკვაძემ.