დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გუშინ მამა იაკობი იყო შესული, მისი მოთხოვნა ზიარების თაობაზე სავარაუდოდ დაკმაყოფილდება

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გუშინ მამა იაკობი იყო შესული, მისი მოთხოვნა ზიარების თაობაზე სავარაუდოდ დაკმაყოფილდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის მოთხოვნა ზიარების თაობაზე სავარაუდოდ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ იმყოფებოდა სასულიერო პირი, რომელთანაც საუბარი ზიარების საკითხზეც იყო.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხვალ უნდა გაიმართოს პატრიარქისა და დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრა და აქედან გამომდინარე, ადვოკატს იმედი აქვს, რომ ეს საკითხები მოგვარდება.

"გუშინ შესული იყო მამა იაკობი ზიარების საკითხის გასარკვევად. ალბათ, გახსოვთ, რომ მამა გიორგის მოთხოვნა იყო აღსარება და ზიარება. აღსარება ჩააბარა, ახლა კი ზიარების საკითხი უნდა გადაწყდეს. დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ მამა იაკობი, ალბათ, წავიდა საპატრიარქოში, რათა ეს საკითხი გადაწყდეს. როგორც ვიცი, აპირებენ ზიარებას. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, მეუფე იაკობი ზღუდავს მამა გიორგისთან ყველანაირ კონტაქტს სასულიერო პირებისას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე დათანხმდა", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.