კახა ოქრიაშვილი: სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეთ

კახა ოქრიაშვილი: სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეთ

 სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მაჟორიტარული ინსტიტუტი ლეგიტიმურია და ის მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს. 

”საქმე არ ეხება მარტო მაჟორიტარობის შენარჩუნება-არშენარჩუნებას. საქმე ისაა, როგორი კანონით იმუშავებს და იფუნქციონირებს ჩვენი ქვეყანა მომავალში. ეხება პრეზიდენტს, საკონტიტუციო ცვლილებების ბარიერს და ათას რამეს. ვენეციის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა დასკვნა, მაგრამ მე გამიჩნდა კითხვა, რატომ აქვეყნებს საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია ოქტომბერში. დღეს მოვედი უმრავლესობაში, რომ მივიღო ამაზე პასუხი. რაც შეეხება მაჟორიტარობას, თქვენ ყველა დარწმუნდით, რომ მაჟორიტარობა არის ლეგიტიმური ინსტიტუტი და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფუნქციონირებს მაჟორიტარული ინსტიტუტი. მე მომწონს ეს ინსტიტუტი. მე ვთვლი, რომ სჯობს მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს, მაგრამ როგორ იმსჯელებს გუნდი, რას დააფიქსირებს, ალბათ ოთხშაბათამდე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი ”ქართული ოცნების” ოფისთან დაგეგმილი შეხვედრის წინ გააკეთა. ამ წუთებში ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, საკონსტიტუციო კანონსა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას უკავშირდება.