თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 21 ივნისს 12 საათიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართა

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 21 ივნისს 12 საათიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 28-30 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 21 ივნისს 12 საათიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე მიმართა. მისი განცხადებით, პარლამენტი ელოდება პრეზიდენტის პასუხს.

რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებს განიხილავს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევს. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, რიგგარეშე სხდომები დღის წესრიგის ამოწურვამდე გაგრძელდება.

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დასვა. „ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ საკითხი იყოს დროულად, ეფექტურად და ტრანსპარენტულად გამოძიებული. ვფიქრობ, რომ პარლამენტი გვერდზე ვერ დადგება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი თემა წმინდა სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსით და საერთაშორისო კონტექსტით. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს. გვექნება შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან. მივიღებთ ინფორმაციას გამოძიების შედეგების თაობაზე, ასევე, პროკურატურის მხრიდან მივიღებთ ინფორმაციას. ამის შემდეგ გვექნება შიდა სამუშაო პროცესი, რომ დავგეგმოთ, რა შეიძლება პარლამენტმა გააკეთოს. ის, რომ პარლამენტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული, ამას ჩვენც ძალიან კარგად ვხედავთ, მაგრამ იმ ფორმით და იმ მექანიზმით, რომელიც შეესაბამება რეგლამენტს და, ზოგადად, კანონმდებლობას," -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს ეხება საქმე, პარლამენტის როლი უნდა იყოს განსაკუთრებით აქტიური. „შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, რომელი ფორმატია ამისთვის საუკეთესო. ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ თითოეულ პრობლემურ საკითხზე და ნათლად და მკაფიოდ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ პარლამენტმა, ტრადიციულ როლთან შედარებით, ბევრად უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან დეპუტატებს შესთავაზა, ბიუროს დასრულების შემდეგ, ან უახლოეს პერიოდში, ერთად იმსჯელონ, რა შეიძლება იყოს საუკეთესო ფორმატი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დეპუტატები ძალიან მნიშვნელოვანი რიგგარეშე სხდომებისთვის ემზადებიან. „ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვას დავიწყებდით, მქონდა შემოთავაზება აღნიშნული საკითხი ოპოზიციასთან ერთად განხილულიყო. პარლამენტის გარეთ არსებობენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები და ცალსახად უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილ ცვლილებებთან მიმართებაში კონსენსუსი არ არსებობს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. მისი მოსაზრებით, რიგგარეშე სხდომებამდე დარჩენილი ორი დღე კონსულტაციებისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო პარტიებთან, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს გეგმავს. „თვეების განმავლობაში ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართული საკონსტიტუციო პროცესში. ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით - რამდენადაც მე ვესწრებოდი სესიას - შემიძლია გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ მათი დასკვნიდან გამომდინარე, პოზიტიურად იქნა აღქმული კანონპროექტები და ის ცვლილებები, რომელთა შეტანასაც ვაპირებთ. რაც შეეხება პოლიტიკური მოლაპარაკებების და კონსენსუსის ნაწილს, გვაქვს გარკვეული დრო შეხვედრებისთვის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა დღეს გამოქვეყნდება, ხოლო დასკვნის საბოლოო ვერსია მზად იქნება 6 ოქტომბერს. „ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე იყოს მზად საბოლოო ვერსიაც, რადგან ეს დოკუმენტი იქნება პოზიტიური. მასში ჩაწერილი იქნება, რომ საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა. ამის შესახებ უკვე გაავრცელეს განცხადებები ბატონმა ბუკიკიომ და ბატონმა მარკერტმა", - მიმართა თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ვენეციის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების თარიღით დაინტერესდნენ.