ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე

ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე

ლონდონის მერი სადიქ ხანი ლონდონელებს სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ჯერ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე“, - აღნიშნა სადიქ ხანმა.

მისი თქმით, ეს იყო თავდასხმა ტოლერანტობისა და თავისუფლების ღირებულებებზე.

„მოვუწოდებ ლონდონელებს სიმშვიდისკენ და სიფხიზლისკენ. გთხოვთ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, პოლიციას შეატყობინეთ. ლონდონის პოლიციამ დამატებითი ძალების განლაგება მოახდინა ქალაქის ქუჩებში“, - დასძინა ლონდონის მერმა.

ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.