თურქეთში დაკავებულ 4 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს

თურქეთში დაკავებულ 4 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს

თურქეთში დაკავებულ 4 ქართველს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ქალბატონი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველმა, გელა ჯაფარიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, ოთხივე მათგანი უკვე გადაიყვანეს ანტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გელა ჯაფარიძის ინფორმაციით, პროცესზე ბრალდებულები თარჯიმნით უზრუნველყოფილები იყვნენ. მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

”გაიმართა სასამართლო პროცესი, 4 მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ქალბატონი გაათავისუფლეს, თუმცა მას ამ ეტაპისთვის აკრძალული აქვს თურქეთის ტერიტორიის დატოვება. მომავალ სასამართლო პროცესზე დაკავებულების ოჯახის წევრებს შეუძლიათ ადვოკატი დაიქირავონ, თუმცა თუ არ აიყვანენ, ამ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფო სახაზინო წესით ადვოკატს კვლავ უზურნველყოფს”, - აღნიშნა ელჩის მრჩეველმა.

თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.