საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს

საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "მაუწყებლის შესახებ კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. მისივე თქმით, ცვლილებების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"სამუშაო ჯგუფი ასრულებს მუშაობას და დღეს არის შემაჯამებელი შეხვედრა მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. ეს ეხება სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის ფუნქციების, უფლებამოსილების საკითხს, ასევე რეკლამისა და ფინანსურ საკითხებს. ეს არის შეჯერებული ხედვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირაში იგეგმება. შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, მათ შორის მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეც ესწრება.

"საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და მეორე მხრივ, ამის საფუძველზე მისი მუშაობა უფრო მოქნილი გახდეს", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.