დონალდ ტრამპმა კუბასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის გამკაცრებაზე განაცხადა

დონალდ ტრამპმა კუბასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის გამკაცრებაზე განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბასთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის გამკაცრებაზე განცხადება გააკეთა. დონალდ ტრამპმა რაულ კასტროს მთავრობა ჩრდილოეთ კორეასთვის იარაღის მიწოდებაში და ვენესუელაში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა.

„მე სრულად ვაუქმებ ცალმხრივ შეთანხმებას კუბასთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ გააფორმა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, კუბის იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან შეიარაღბულ ძალებს, დაზვერვასა და სპეცსამსახურებს, შეზღუდვები დაწესდება ფინანსური ოპერაციების განხორციელებაზე.

„ჩვენ არ მოვუხსნით სანქციებს კუბის რეჟიმს, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, პატივს არ სცემს შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას, ყველა პოლიტიკური პარტია ლეგალიზებული არ იქნება და ახალი თავისუფალი არჩევნები არ დაინიშნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა კუბის მთავრობას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რათა ისეთი შეთანხმება იქნას გამომუშავებული, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

„კუბის მთავრობას ვეუბნები: შეწყვიტეთ დისიდენტების უფლებების დარღვევა, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, შეწყვიტეთ უდანაშაულო ხალხის დაპატიმრება, იყავით ღია პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისთვის“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.