სახალხო დამცველის ანგარიშზე მომზადებული დადგენილების პროექტი ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა

სახალხო დამცველის ანგარიშზე მომზადებული დადგენილების პროექტი ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების პროექტს კენჭი არ უყარეს. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული შეფასება ჰქონდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, რომელმაც კენჭისყრის გადადება პრინციპულად მოითხოვა და განაცხადა, რომ მომზადებული პროექტი ყველა იმ სტანდარტს ეწინააღმდგება, რომელიც პარლამენტს აქვს. 

”იძულებული ვარ, საკითხი პრინციპულად დავაყენო. ეს არის დადგენილება, რომელიც პარლამენტის სახელით მიიღება. ეს არ არის ერთი კომიტეტის დადგენილება. ჩვენ დადგენილების პროექტს ვათანხმდებით ყველასთან, რადგან ის ყველას სახელით მიიღებოდა. მე ვარ პრინციპულად წინააღმდეგი, რომ ეს დადგენილება ამ სახით იყოს მიღებული. ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც აქამდე არსებობდა პარლამენტში. რადგან არ შეიძლება დადგენილებაში ეწეროს: გადასაფარებლები, ბალიშები, ლეიბები, ხელსაბანი, ონკანი. მე ჩავიკითხავ ყველა იმ პუნქტს, რომელიც პრინციპულად მიმაჩნია, რომ დადგენილების არც აკადემიურ ენას და არც პარლამენტს არ უხდება. დადგენილებაში შინაარსობრივადაც არის პრობლემური ფორმულირებები. ამიტომ გადავდოთ ამ დადგენილების კენჭისყრა და შევათანხმოთ ტექსტი უმრავლესობასთან. ამდენი ხანია ვცდილობ შიდა კომუნიკაციით შევთანხმდეთ დადგენილების ტექსტზე. ეს არ არის არც ერთი და არც ორი ადამიანის ტექსტი. პარლამენტის სახელით მისაღებ დოკუმენტში არ შეიძლება ასეთი ტერმინები ეწეროს. აღარ მინდა ის სიტყვები გამოვიყენო, რაც ამ დოკუმენტში წერია. ამიტომ პრინციპულად ვითხოვ, შეთანხმდეს დადგენილების პროექტი პარლამენტის წევრებთან. ან მოვხსნათ ეს საკითხი და შეთანხმებული გამოვიტანოთ სესიაზე ან ვილაპარაკებ ამ საკითხზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომაზევე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელიას პრეტენზიები, დადგენილების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით, მისთვის გაუგებარია. 

”ძალიან დიდი ხანია ვიხილავთ ჩვენ ამ პროექტს და ნამდვილად არ არის პრობლემა, რომ შენიშვნები, რომელიც დააფიქსირა უმრავლესობამ და უმცირესობამ, გავითვალისწინოთ. უბრალოდ ეს შენიშვნები უნდა მოვიდეს ჩემამდე. ეს არ არის ერთი კომიტეტის გადაწყვეტილება. ეს არის მთელი პარლამენტის გადაწყვეტილება. ყველას შეეძლო დაეფიქსირებინა ეს შენიშვნები. წესი და პროცედურა არის ის, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით გავიარეთ ყველა საკითხი. ჩემთვის ძალიან გაუგებარია ასეთი პოზიცია, როცა კენჭისყრის წინ ხდება რაღაც გარკვეული საკითხების მოწოდება“, - განაცხადა სოფო კილაძემ ბესელიას პასუხად. 

საბოლოოოდ, დადგენილების პროექტის კენჭისყრაზე დაყენება გადაიდო.