დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის ე.წ. წინასწარი დასკვნა პოზიტიური იყო, ხოლო შენიშვნები გათვალისწინებულია.

"ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რადგან პოზიტიური იყო ე.წ. წინასწარი დასკვნა. რეკომენდაცია წინასწარ დასკვნაში იყო ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ წინასწარაც გვქონდა გაცხადებული, რომ ყოველგვარ თეორიულ რისკს დავაზრვევთ და ძალიან კარგია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაემთხვა ჩვენს პასუხი ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ უფრო მეტად დავაზღვიეთ ბონუსური სისტემის რისკები, ვიდრე ეს ვენეციის კომისიამ მიგვითითა. აქ საუბარია სამ სხვადასხვა მექანიზმზე, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ 89 მანდატი ეს იქნება მაქსიმალური ზრვარი ბონუსური სისტემით მოპოვებული. ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ორი ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი გაგვეკეთებინა. ერთი ეს შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც ბონუსური სისტემიდან გამარჯვებული პარტია ვერ აკომპლექტებს მთავრობას, ამ შემთხვევაში, ბონუსი პროპორციულად გადანაწილდება ყველა სხვა პარტიაზე. მთავარი ჩამკეტი, ეს არის ფარდობითი ზღვარი, რომლითაც გამარჯვებული პარტია მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს ვერ მიიღებს ბონუსად. საბოლოო ჯამში, ჩვენ განვსაზრვრეთ მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი და მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები. ბუნებრივია მოლოდინი გვაქვს, რომ ამას დაეთანხმება ვენეციის კომისია",- განაცხადა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს უნდა გამოაქვეყნოს.